კაცი, რომელმაც 24 წლის გურამ ბოიკო ძმის ქორწილში მოკლა, სიღნაღში დააკავეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

როგორც გარდაცვლილის დეიდა, ფაინა ბოიკო “პალიტრავიდეოსთან” ინტერვიუში ამბობს, ბრალდებული მამაკაცი ქორწილში სტუმარი იყო, თუმცა ბრალდებულის ვინაობის გამხელისგან ოჯახი თავს იკავებს.

“მხოლოდ ის ვიცით რომ მკვლელი დააკავეს, ძალიან მძიმე წუთებია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მკვლელის ბედი როგორ განვითარდება. მხოლოდ ის ვიცით, რომ სამართალი იზეიმებს. სტუმარი იყო ქორწილში დაპატიჟებული, თან ჰქონდა დანა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ქორწილში წახვიდე და თან დანა წაიღო,” – ამბობს გარდაცვლილის დეიდა.

როგორც ანონიმური წყარო ჩვენთან საუბარში ამბობს, ბრალდებული პატარძლის ნათესავია.

“ჩემი ნათესავი იყო ქორწილში, მისგან გავიგე დეტალები. მეტიც, მოკლულს ძალიან კარგად იცნობდა ჩემი ახლობელი და იქიდან ეგ ამბავი მოვიდა. ძალიან საშინელი ამბავია და რატომ აფარებენ ხელს ვერ ვხვდები,” – გვიყვება წყარო.