როგორი ამინდი იქნება საქართველოში მთელი ნოემბრის განმავლობაში და როდისაა თოვლი მოსალოდნელი? – გადაცემაში “ახალი დღე” გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების სამსახურის უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ ისაუბრა:

“ნოემბრის ტემპერატურა ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა ცოტა წვიმიანი – ნორმასთან ახლოს ნალექებით და ნორმაზე ცოტა მეტი რაოდენობით. საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე, საშუალოდ +12, +14 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +6, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +3, +5 გრადუსის ფარგლებში.

აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლსა და კახეთში +9, +11 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +5, +7 გრადუსის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში – +3, +5 გრადუსის ფარგლებში. ​

მაღალმთიან რეგიონებში აი, ამ დღეებშიც, კვირის ბოლოს, თოვლი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ოთხშაბათს ველით ამინდის გაუარესებას: დასავლეთის ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს და გვიან საღამოდან წვიმა დაიწყება, რომელიც მაღალმთაში თოვლში გადავა. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც იქნება წვიმა, ხოლო მაღალმთიანეთში – თოვლი. ხუთშიც უმეტეს რაიონში წვიმა და მაღალმთაში თოვლი იქნება, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც. ექვსში ინტენსივობა შესუსტდება, ზოგან გამოიდარებს, ხოლო შვიდსა და რვაში კვლავ წვიმები და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი გვექნება. ​

შემდეგ კვირაში უკვე შედარებით უფრო სტაბილური, უნალექო ამინდი იქნება, გამოიდარებს და ტემპერატურაც ცოტათი მოიმატებს. თუმცა ისეთი თბილი ამინდები, როგორიც ახლა არის, აღარ იქნება”, – განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.