გველების უმეტესობა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თანაც ისინი მღრღნელების რაოდენობის გაკონტროლებაში გვეხმარებიან. თუმცა მათი გამოჩენა ბაღში ან ეზოში შიშს და უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. როგორც ირკვევა, ზოგიერთ სრულიად ჩვეულებრივ ნივთს შეუძლია ქვეწარმავლების მიზიდვა. ექსპერტებმა განმარტეს, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, - წერს marthastewart.com.
დაბალტანიანი ბუჩქები.
მზეზე გველები შეიძლება გადახურდნენ, ამიტომ ისინი ჩრდილს დაბალტანიანი ბუჩქების ქვეშ ეძებენ. როზმარინი, ლავანდა და სხვა მსგავსი მცენარეები მათ უამინდობისა და მტაცებლებისგან დამალვის, ამავდროულად კი გარემოზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ასეთმა ბუჩქნარმა შეიძლება მიიზიდოს მღრღნელები, რომლებითაც გველები იკვებებიან, - განმარტა ჩრდილოეთ კოლორადოს უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა სტივენ პ. მაკკესიმ. გველების გამოჩენის ალბათობის შესამცირებლად, ექსპერტი გვირჩევს, მოვაშოროთ სარეველები და ხშირი მცენარეულობა სახლისა და ეზოში დასასვენებელი ადგილების სიახლოვეს, ხოლო დაბალი ბუჩქები ამ ზონებიდან მოშორებით დავრგოთ.
ჩიტების საკვების თასები.
საკვებმა შეიძლება გველები მიიზიდოს იმ მღრღნელების გამო, რომლებიც ირგვლივ დაფანტული მარცვლეულით იკვებებიან. თაგვები კი, თავის მხრივ, ქვეწარმავლების ნადავლი ხდებიან, - განმარტა მაკკესიმ.
ამიტომ, ექსპერტი გვირჩევს, ავიღოთ საკვების თასები ან რეგულარულად ავკრიფოთ მიწაზე დაცვენილი მარცვლები.
შეშისა და ქვების გროვები, დალაგებული ფილები, ლითონის ფურცლები - გველებისთვის თავშესაფარს ქმნის. კალიფორნიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი ემილი ტეილორი ასეთ ადგილებს „გველების თავშესაფრებს“ უწოდებს, რადგან ამ საგნების ქვეშ წარმოიქმნება სივრცე, სადაც ქვეწარმავლებს დამალვა შეუძლიათ.
გველთან შეხვედრის რისკის შესამცირებლად, ასეთი გროვები უნდა ალაგდეს ან სახლიდან მოშორებით გადაიტანოს. შეშის შენახვას სპეციალისტი მიწიდან დაახლოებით ერთი მეტრით აწეულ სპეციალურ პლატფორმაზე გვირჩევს.
სახლის ქვეშ არსებული სივრცეები (სარდაფები და საძირკვლები).
გველებს იზიდავს სახლის ქვეშ არსებული სივრცეები, რადგან იქ ბნელა, გრილა. თუ სახლის, აივნის ან ვერანდის ქვეშ არის ადგილები, სადაც ცხოველებს დამალვა შეუძლიათ, ეს ადგილები კარგად უნდა დაათვალიეროთ - გვირჩევს ტეილორი.
ამისათვის საჭიროა ასეთი მონაკვეთების პერიმეტრის დათვალიერება და ყველა იმ ნაპრალისა და ღიობის ამოვსება, საიდანაც შესაძლებელია ქვეწარმავლების შეღწევა. მცირე ზომის ღრიჭოები შეიძლება დაიფაროს მავთულის ბადით, ჰერმეტიკით ან ფოლადის ბურბუშელით.
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!